ქვიარ სიბრმავე vs. ქვიარ ინკლუზიურობა
ავტორი: თეონა თოდრაძე
ნაშრომი მომზადებულია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციისთვის: „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებების პროცესში“
შესავალი
სოციალური მუშაობა, როგორც პროფესია, მიზნად ისახავს ინდივიდებისა და საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოწყვლად ჯგუფებს, რომელთა შორის ლგბტქი (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი და ინტერსექსი) თემი ერთ-ერთ მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს. საქართველოში, სადაც სოციო-კულტურული და რელიგიური ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე, ლგბტქი თემის წევრები ხშირად აწყდებიან დისკრიმინაციასა და მარგინალიზაციას.
სოციალურ მუშაკებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სფეროში მუშაობენ, ხშირად უწევთ ლგბტქი ადამიანებთან ურთიერთობა. ეს რეალობა მოითხოვს, რომ სოციალური მუშაკები იყვნენ მომზადებულნი და მგრძნობიარენი ამ ჯგუფის უნიკალური გამოწვევებისა და საჭიროებების მიმართ. თუმცა, ხშირად ვაწყდებით ფენომენს, რომელსაც “ქვიარსიბრმავე” ეწოდება – ეს არის ტენდენცია, როდესაც პროფესიონალები ვერ ამჩნევენ ან უგულებელყოფენ ლგბტქი იდენტობებს და მათ სპეციფიკურ საჭიროებებს.
საქართველოში ლგბტქი თემთან ფოკუსირებულად მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს(თბილისში„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“,„თანასწორობის მოძრაობა“, „თემიდა“, „თბილისი პრაიდი“, ბათუმსა და ქუთაისში „პერიფერია“),შესაბამისად, აღნიშნულ სფეროში მომუშავე სოციალური მუშაკების რაოდენობაც მცირეა. დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ზოგჯერ ხერხდება სხვადასხვა ვორქშოპების, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების დროს, თუმცა უმეტესად, გენდერული იდენტობისა და სექსუალობის საკითხები ზრუნვის სფეროში მომუშავე სპეციალისტების ფოკუსში იშვიათად ექცევა, შესაძლოა ეს იყოს სოციო-კულტურული, რელიგიური და სხვა ფაქტორებით გამოწვეული, ან ცოდნისა და ცოდნაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობით.
ვინაიდან ადამიანის სექსუალობისა და გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებულად სენსიტიურია, სერვისის მისაღებად ქვიარ ადამიანები (ქვიარი – ვგულისხმობ არაჰეტეროსექსუალ ან/და არასისგენდერ ადამიანს) ფრთხილად არჩევენ მომსახურების გამწევ ორგანიზაციასა თუ სპეციალისტს, ხშირ შემთხვევაში ორგანიზაციებში მომართვიანობა თოვლის გუნდის პრინციპით ხდება, უფრო რომ დავაკონკრეტოთ, სერვისით მოსარგებლე ადამიანი თავის გამოცდილებას უზიარებს სხვას და ურჩევს ამა თუ იმ ორგანიზაციას ან/და სპეციალისტს მიმართოს, რომელთანაც კარგი გამოცდილება მიიღო.
სოციალური მუშაკი მნიშვნელოვანი რგოლია, მან უნდა დაამყაროს რაპორტი მასთან სერვისის მისაღებად მისულ პირთან, სწორად შეაფასოს რისკები და საჭიროებები და დაგეგმოს ინტერვენცია.
კომუნიკაციის კარგი უნარები და მულტიდისციპლინური მიდგომა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სოციალურ მუშაობაში, მათ შორის ქვიარ თემთან. ხშირად სახელმწიფოში არსებული სხვადასხვა სერვისი არ პასუხობს, ან არ ერგება ქვიარ თემის საჭიროებებს, არ არის მგრძნობიარე, ადამიანის სექსუალობასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული სპეფიციკური საჭიროებები არ არის დანახულიან/და გათვალისწინებული (ქვიარ სიბრმავე).
დავეყრდნობი ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფში“ (WISG) ჩემს შვიდ წლიან მუშაობას ქვიარ თემთან, ასევე ორგანიზაციის მრავალწლიან გამოცდილებას, რომელიც ავტორია საქართველოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ძირითადი კვლევებისა და პოლიტიკის ანალიზის.
WISG-ისერთ-ერთი უახლესი კვლევის ფოკუსში მოექცა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სპეციალისტები, მათ შორის სოციალური მუშაკები, მნიშვნელოვანია კვლევის მიგნებები, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნა საქართველოში მომუშავე ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, სოციალური მუშაკი) გამოცდილება, მიდგომები და დამოკიდებულებები ლგბტქი თემის მიმართ, მეორე მხრივ, კი თავად ლგბტქი ადამიანების გამოცდილებები, რომლებიც მათ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში მიიღეს.
ამ ნაშრომში გამოყენებული ტერმინების ზუსტი გაგებისთვის, მნიშვნელოვანია განვმარტოთ რამდენიმე საკვანძო ცნება:
ლგბტქი – აკრონიმი, რომელიც აღნიშნავს ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს ადამიანებს.
ქვიარი – ზოგადი ტერმინი, რომელიც გამოიყენება არაჰეტეროსექსუალი ან/და არასისგენდერი ადამიანების აღსანიშნავად.
სისგენდერი – ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობა შეესაბამება დაბადებისას მინიჭებულ სქესს.
ქვიარ სიბრმავე – ტენდენცია, როდესაც იგნორირებულია ან უგულებელყოფილია ლგბტქი იდენტობები და მათი სპეციფიკური საჭიროებები.
ჰეტეროსექსიზმი – იდეოლოგიური სისტემა, რომელიც ჰეტეროსექსუალობას მიიჩნევსერთადერთ ნორმად.
სისგენდერიზმი – რწმენა, რომ გენდერული იდენტობა და გამოხატვა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის ბიოლოგიურ სქესს.
ინტერნალიზებული ჰომოფობია – ლგბტქი ადამიანების მიერ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური დამოკიდებულებების შინაგანად მიღება დ ასაკუთარ თავზე მორგება.
ქამინგაუთი – პროცესი, როდესაც ადამიანი ამჟღავნებს საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას.
ჰეტეროსექსიზმისა და სისგენდერიზმის გავლენა სპეციალისტებზე, ქვიარ სიბრმავე
საზოგადოებაში გავრცელებული იდეოლოგიური გავლენები შესაძლოა სოციალურ მუშაკებზე და სხვა სპეციალისტებზე ცნობიერად თუ არაცნობიერად მოქმედებდნენ და ახდენდნენ გავლენას მათ მუშაობაზე.
ჰეტეროსექსიზმი – იდეოლოგიური სისტემაა რომლის მთავარი დაშვებაა, რომ ჰეტეროსექსუალობა არის ერთადერთი ნორმა. სისგენდერიზმი კი გულისხმობს, რომ გენდერული იდენტობა და გენდერული გამოხატვა დამოკიდებულია ადამიანის ბიოლოგურ სქესზე, ხოლო სამყარო იყოფა ქალებად და კაცებად. სისგენდერიზმი გამორიცხავს გენდერულად არაკონფორმული ადამიანების არსებობას და მათ სტიგმატიზაციას ახდენს.
ქვიარ სიბრმავე ენათესავება ჰეტეროსექსიზმსა და სისგენდერიზმს. მაგალითად, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები ამბობენ, რომ არასდროს შეხვედრიათ ლგბტქი პაციენტი, რაც სათუოა. როგორც წესი, ეს ნიშნავს, რომ სპეციალისტმა ვერ გაიგო კლიენტის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ, ამის გამო ყურადღების მიღმა რჩება კლიენტის ცხოვრებაში ჩაგვრის შესაძლო გამოცდილებები (შიუკაშვილი, მალაღურაძე, ჯავახიშვილი, 2023).
ქვიარ სიბრმავის გამოვლინებები მრავალგვარია:
1. ავტომატური დაშვება, რომ ყველა ბენეფიციარი ჰეტეროსექსუალი და სისგენდერია
2. ლგბტქი-სპეციფიკური საკითხების იგნორირება შეფასებისა და ინტერვენციის პროცესში
3. ჰეტერონორმატიული ენის გამოყენება
4. ლგბტქი იდენტობების პათოლოგიზაცია.
ამგვარი მიდგომის შედეგები შეიძლება იყოს საკმაოდ მძიმე:
– ბენეფიციარის საჭიროებების არასწორი შეფასება
– არაეფექტური ინტერვენციები
– ბენეფიციარის მხრიდან ნდობის დაკარგვა
– ლგბტქი ბენეფიციარის მეორადი ტრავმატიზაცია
შემთხვევა:
ნინო (სახელი შეცვლილია) 32 წლის ლესბოსელი ქალია, რომელიც პატარა ასაკში დაოჯახდა. ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და ბავშვთან ერთად მოხვდა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში, სადაც მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფარს ჰყავს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი, გადაწყვიტა მათთან ქამინგაუთი არ გაეკეთებინა, რადგან არ ჰქონდა ნდობა და ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდა ლგბტ სათემო ორგანიზაციას, რომლის საშუალებითაც დისტანციურად მიიღო ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის სერვისი.
ეს შემთხვევა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ქვიარ სიბრმავემ გამოიწვიოს კლიენტის გაუცხოება და სერვისებზე წვდომის შეზღუდვა. თავშესაფრის პერსონალის მხრიდან ჰეტერონორმატიული დაშვებები ხელს უშლის ნდობის ჩამოყალიბებას და სრულფასოვან დახმარებას.
გავეცნოთ კიდევ ერთ შემთხვევას:
დათო (სახელი შეცვლილია) 32 წლის ტრანსი კაცია, მას დოკუმენტებში აღარ უწერია დაბადებისას მინიჭებული სახელი, თუმცა ძველი სახელი კვლავ ფიქსირდება ამა თუ იმ დაწესებულებაში, სადაც მანამდე სერვისი მიუღია.
დათო ერთ-ერთ პოლიკლინიკაში იმყოფებოდა სამედიცინო სერვისის მისაღებად, ელოდებოდა თავის რიგს ექიმთან შესასვლელად, რა დროსაც მას მოუხმეს, ამავე დროს ექიმმა სხვა პაციენტების თანდასწრებით ამოიკითხა მისი სახელი და გვარი, ასევე ჰკითხა რომ აქ თეონა (პირობითად) რატომ წერიაო, დათო ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ადგილს ვერ პოულობდა, ვარაუდობდა რომ გარშემომყოფები მიხვდნენ რომ ის ტრანსი კაცი იყო და სამედიცინო სერვისის მიღების გარეშე დატოვა დაწესებულება.
ქვიარ სიბრმავის დასაძლევად და ინკლუზიური პრაქტიკის დასანერგად, სოციალურმა მუშაკებისთვის გასათვალისწინებელია შემდეგი პრინციპები:
1. თვითცნობიერება და რეფლექსია:
– საკუთარი რწმენებისა და მიკერძოებების გაცნობიერება
– პირადი და პროფესიული ღირებულებების გამიჯვნა
2. კულტურული კომპეტენცია:
– ლგბტქი კულტურისა და ისტორიის ცოდნა
– თემში არსებული მრავალფეროვნების გაცნობიერება
3. ინკლუზიური ენა:
– გენდერულად ნეიტრალური ტერმინების გამოყენება
– კლიენტის მიერ არჩეული სახელებისა და ნაცვალსახელების პატივისცემა
4. უსაფრთხო სივრცის შექმნა:
– კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა
– მხარდამჭერი და არაგანსჯითი გარემოს შექმნა
5. ინტერსექციური მიდგომა:
– ლგბტქი იდენტობის გავლენის გააზრება სხვა სოციალურ იდენტობებთან ერთად (რასა, ეთნიკურობა, რელიგია, შეზღუდული შესაძლებლობები და ა.შ.).
ამ პრინციპების დანერგვა პრაქტიკაში მოითხოვს მუდმივ სწავლასა და თვითრეფლექსიას. სოციალურმა მუშაკებმა უნდა იმუშაონ საკუთარ ცრურწმენებზე და სტერეოტიპებზე, რათა შეძლონ ლგბტქი კლიენტებთან/ბენეფიციარებთან ეფექტური მუშაობა.
სპეციალისტებმა უნდა გადადგან ნაბიჯები ჰეტეროსექსიზმისა და სისგენდერიზმის დასაძლევად. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ჰეტეროსექსუალ და სისგენდერ სპეციალისტებს არ მოეთხოვებათ, გადახედონ საკუთარ დამოკიდებულებებს, არამედ, ქვიარ სპეციალისტები ანალოგიურად შესაძლოა მოექცნენ იდეოლოგიური გავლენის ქვეშ (შიუკაშვილი, მალაღურაძე, ჯავახიშვილი, 2023).
კვლევის „ქვიარ თემი და ფსიქიკური ჯანმრთელობა“ რესპონდენტების ისტორიებით ვიგებთ, რომ ბევრ მათგანს ჰქონია ნეგტიური გამოცდილება სხვადასხვა სპეციალისტებთან მიმართვისას, ვინაიდან არ იყო დანახული მათი რეალური საჭიროებები, ხოლო დადებით გამოცდილებაზე ძირითადად საუბრობენ ქვიარ სათემო ორგანიზაციებში მიღებულ სერვისებზე, რომლის მიმართაც აქვთ მეტი ნდობა. ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ქვიარ ადამიანებს უჭირთ ორგანიზაციების მოძიება, რადგან უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ზოგჯერ ადვილი არ არის მათი პოვნა.
უმცირესობათა სტრესის გავლენა ბენეფიციარებზე და მისი დანახვა
სპეციალისტის მიერ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი საკითხია უმცირესობათა სტრესის გავლენა კლიენტზე/ბენეფიციარზე.
უმცირესობის სტრესის ცნების შემომტანი არის ილან მაიერი (Ilan H. Meyer) ამერიკელი მეცნიერი. სტრესს, რომელშიც ჰეგემონური ძალების მიერ სტიგმატიზებული დენტობებს უწევთ ცხოვრება, მაიერმა უმცირესობათა სტრესი უწოდა.
ლგბტ თემში უმცირესობათა სტრესი შესაძლოა გამოწვეული იყოს, როგორც გარეგანი ფაქტორებით (დისკრიმინაცია, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული), ისე შინაგანი ფაქტორებით (ინტერნალიზებული ჰომოფობია). უმცირესობათა სტრესი შესაძლოა გამოწვეული იყოს, როგორც საკუთარი სექსუალური იდენტობის გამჟღავნებით (ქამინგაუთი), ისე საკუთარი იდენტობის დაფარვით.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქვიარ ადამიანები ასახელებენ პოზიტირუად იმგვარ გამოცდილებებს, როდესაც სპეციალისტები სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის, ქამინგაუთის საკითხებზე საუბარს თავს არ არიდებდნენ და ჰქონდათ ცოდნა ამ მიმართულებით.
მნიშვნელოვანია ქვიარ ბენეფიციართან მუშაობისას გამოვერკვეთ თუ როგორ მიმდინარეობს მისი ქამინგაუთის პროცესი, ვისთან აქვს გაკეთებული ქამინგაუთი, ვის მოიაზრებს მხარდამჭერად, რამდენად რეალისტურია მხარდაჭერის მოლოდინი, ხომ არ არის კონფლიქტები გარემოსთან, ოჯახთან, რადგან ეს ყოველთვის აისახება ბენეფიციარის ემოციებზე, ქცევაზე, აწუხებს თუ არა ბენეფიციარს ინტერნალიზებული ჰომოფობია/ტრანსფობია, ვინაიდან შესაძლოა ეს ვლინდებოდეს თვითდაზიანებების, სუიციდალობის, დეპრესიის, მწვავე შფოთვის სახით და ჩვენ სხვაგან ვეძებდეთ მიზეზს.
ქვიარ სიბრმავე მაკრო დონეზე
თუ თქვენ ქვიარ ბენეფიციარისათვის დამხმარე სერვისის მოძიება დაგჭირვებიათ, დიდი ალბათობითნებისმიერ სპეციალისტთან არ გადაამისამართებდით. ჩაატარებდით მოკვლევას სანდო და ქვიარ-მეგობრული სპეციალისტის მოსაძიებლად.
ხშირად, ქვიარ-მეგობრულობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქვიარი ადამიანი სერვისის მისაღებად გადავამისამართოთ, ვნაიდან მიმღებლობასთან ერთად, მნიშვნელოვანია სპეციალისტი (სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი იქნება ეს, ფსიქოლოგი თუ სხვა) იყოს ასევე კომპეტენტურიც ქვიარ სპეციფიკურ საკითხებში.
ჩვენ ვისაუბრეთ ქვიარ ადამიანების, როგორც ინდივიდების გამოცდილებებზე და უხილავობაზე, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ სახელმწიფოს მხრიდან ქვიარ ადამიანებისადმი სიბრმავე.
ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი, რომელსაც კონკრეტულად ტრანს-თემი აწყდება საქართველოში, ეს არის გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმის არ არსებობა. გენდერის სამართლებრივი აღიარება გულისხმობს პროცესს რომელიც მოიცავს ადამიანის გენდერული იდენტობის შესაბამისად ოფიციალური დოკუმენტების ცვლილებას.
გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმის არარსებობა ტრანს ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავალ დაბრკოლებას უქმნის. სქესის შესახებ ჩანაწერი, რომელიც ადამიანის გენდერს და სოციალურ როლს არათუ არ ემთხვევა, არამედ პირდაპირ წინააღმდეგობაშიც კი მოდის მასთან, ტრანს ადამიანების ე. წ. „იძულებით ქამინაუთს“ იწვევს.
შემთხვევა:
გიორგი 39 წლის ტრანსგენდერი კაცია, დოკუმენტებში შეიცვალა დაბადებისას მინიჭებული სახელი. მიმართავს ჰორმონულ თერაპიას, რომლის დახმარებითაც მოხდა მისი სხეულის მასკულინიზაცია, გაეზარდა წვერი, დაუბოხდა ხმა. მას არ უჭირს გარემოში სოციალიზაცია როგორც მამაკაცს, თუმცა როდესაც საქმე ეხება ისეთ პროცედურას ან/და მომსახურების მიღებას, სადაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საჭიროება დგება, გიორგი მაქსიმალურად თავს არიდებს. გიორგის ბევრი ბარიერი ექმნება, მათ შორის დასაქმებაში, სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტისას, ბანკში და სხვა.
ქამინგაუთის შიში ბარიერს წარმოადგენს საზოგადოებაში, სადაც ჰომოფობია და ტრანსფობია მყარადაა ფესვგადგმული. სწორედ ეს აფერხებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ტრანსი ადამიანების თანაბარ ინტეგრაციას, რაც როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, ისე სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზაციასთანაა გადაჯაჭვული. სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ჩატარებული საქართველოში ლგბტქ ჯგუფის სოციალური ექსკლუზიის კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 50%-ისაზრით, პირის თვითიდენტიფიკაცია არის ის, რასაც გენდერის სამართლებრი ვიაღიარება უნდა ეფუძნებოდეს, რათა ის მეტად ეფექტური, ღირსების დაცვაზე ორიენტირებული და ადამიანთა საჭიროებებზე მორგებული იყოს (ბახტაძე, 2022).
ჩვენ შევეხეთ მრავალ პრობლემათაგან ნაწილს. ლგბტქი თემთან მუშაობა საქართველოში მოითხოვს სოციალური მუშაკებისგან განსაკუთრებულ მგრძნობელობას, ცოდნას და უნარებს. ქვიარ სიბრმავის დაძლევა და ინკლუზიური პრაქტიკის დანერგვა არის აუცილებელი ნაბიჯი ეფექტური და ეთიკური მომსახურების უზრუნველსაყოფად. ეს პროცესი მოითხოვს მუდმივთ ვითრეფლექსიას, სწავლას და ადაპტაციას როგორც ინდივიდუალური პრაქტიკოსების, ისე პროფესიის მხრიდან მთლიანობაში. ლგბტქი თემთან სოციალური მუშაობის შესწავლა საქართველოში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ხელს უწყობს როგორც პროფესიის განვითარებას, ისე სოციალური სამართლიანობის გაუმჯობესებას.