ბავშვზე ზრუნვის სისტემა ანუ ქალები ქალების წინააღმდეგ

ბლოგის ავტორი: ქეთევან ხუციშვილი

მედია ხარბად ისრუტავს „მოტაცებული“, „გადაგდებული“, „მოკლული“ ბავშვების ამბებს. ამ ამბების თხრობისას ეკრანებზე ხშირად ვხედავთ მშობლობის უნარ-ჩვევებისა და ეკონომიკური პირობების არ მქონე დედების დისფუნციის ტირაჟირებას და სახელმწიფოს დაუნდობელ მავნე ხელად წარმოჩენილ სოციალურ მუშაკებს – ქალებს ძირითადად. ისინი, ვინც მიდიან და ბავშვებს განარიდებენ ოჯახებისგან. აქ კიდევ მესამე აქტორი შემოდის – მიმღები მშობლები, ვინც სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ გადასულ არასრულწლოვანზე ზრუნავს. ისინიც ქალები არიან. ასე კრავს სისტემა წრეს, რომელიც „ბავშვის საუკეთესო ინტერესს“ ემსახურება. თუმცა სინამდვილეში ეს სისტემა ქალის/დედის საუკეთესო როლის დატოლებას და ურთიერთშეპირისპირებას ეფუძნება. რომ არსებობს “უვარგისი” დედა, რომელიც ვერ განვითარდა, ვერ აიშენა სახლი, ვერ შეიქმნა რეპუტაცია და შვილის დაკარგვა დაიმსახურა. ასევე ქალ პროფესიონალებზე – სოცილაურ მუშაკებზე, რომლებმაც არ გამოიჩინეს „ქალური“ მხარდაჭერა და დედას შვილი ცხვირწინ ააცალეს, ასევე დედობილებზე, რომლებიც ფულს იღებენ „უვარგისი“ მშობლების შვილების აღზრდაში.

ამ აბზაცის დაწერა ძალიან გამირთულდა, თუმცა, ეს არის  სახელმწიფოს პერსპექტივა ,რომლითაც ის თავად უყურებს მის მიერ ჩამოყალიბებულ/შექმნილ ბავშვზე ზრუნვის სისტემას – ქალები ქალების წინააღმდეგ.  არსად გვსმენია იმ ქალების მხარდასაჭერი პროგრამების შესახებ, რომლებიც „ვერ შედგნენ“ სანდო მშობლებად, არც იმ სისტემური პრობლემების შესახებ, რომლის გამოც მათ ეს არ გამოუვიდათ. არც სოციალური მუშაკების უდიდესი ემოციური, ფიზიკური და ინტელექტუალური შრომის დაფასება გვინახავს, სამაგიეროდ ვნახეთ, როგორ უაპელაციოდ დაითხოვა სოციალურმა სამსახურმა 33 სოციალური მუშაკი სამსახურიდან და ნაწილი მათგანი ბენეფიციართა რიგებში ჩააყენა.  არც მიმღები მშობლების/დედობილების შრომის შესახებ გვსმენია. ბოლოს და ბოლოს ეს ადამიანებიც დასაქმებული არიან და არაერთ ბენეფიტს იმსახურებენ – შვებულებას, დაზღვევას და სხვა. სახელმწიფო ბავშვზე ზრუნვის სისტემაში ჩართულ არცერთ რგოლზე არ ზრუნავს – არც ბიოლოგიურ დედებზე, არც მიმღებ დედებზე, არც სოციალურ მუშაკებზე. მეტიც ის ან პასიურად დუმს და უმოქმედოდაა ან საზოგადოებას გვიყრის მათზე დასაბოღმ, გასაბრაზებელ ნამცეცებს, რათა ვერცერთს ვერ ვიტანდეთ. ესეც იმიტომ, რომ მათთვის უკეთესი საცხოვრისი, უკეთესი სამუშაო პირობა, უკეთესი ხელფასი და დაფასება არ მოვითხოვოთ. ესაა შეთქმულება ქალების წინააღმდეგ!

ამ წრეში , ვთვლი, რომ ყველა პოზიციაზე ყოფნა რთულია. თუმცა – არა შედარებადი. მე სოცილაური მუშაობის  პერსპექტივას მივყვები. პროფესიის, რომელიც ხშირად მაშინებს. ხშირად როდესაც ვფიქრობ სოციალურ მუშაობაზე, მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, წინ ყოველთვის მისი ერთი დაუნდობელი თვისება მოდის. (მეურვეობისა და მზრუნველობის) სოციალურ მუშაკს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების (2016) თანახმად,  შეუძლია არასრულწლოვნის ოჯახისგან  განცალკევების გადაწყვეტილების მიღება. ამგვარივე ძალაუფლება პოლიციის თანამშრომელსაც აქვს და არანაკლები მოსამართლეს, მაგრამ ის უფრო პოზიციაზეა მიბმული ვიდრე პროფესიაზე.  ამ სტატიაში სამუშაო ინსტრუმენტების, რისკის შეფასებისა და სხვა მეთოდოლოგიის კრიტიკას არ ვაპირებ, არც მაქვს ბოლოს და ბოლოს ამდენი კომპეტენცია, თუმცა, აუცილებლად შევეხები კონცეპტალურ მხარეს იმ ქალთა სამეულისა, მოჯადოებული წრისა, რომელშიც ვტრიალებთ და ვიცავთ „ბავშვთა საუკეთსო ინტერესებს“ , სინამდვილეში კი ვიცავთ მხოლოდ საკუთარ თავს – ისიც ფურცელზე, ისიც საქმისთვის. არავინ საუბრობს სოციალური მუშაკების ენითაუწერელ ემოციურ ტვირთზე, რასაც მას ვკიდებთ, როცა ამგვარი გადაწყვეტილების მიღების ლეგიტიმაციას ვაძლევთ. და ალბათ ჰო, ვერც გაიგებს ის, ვისაც პრაქტიკაში არ გამოუცდია ეს ტვირთი. პრაქტიკა მოქმედებების ერთობლიობა ნაკლებადაა, უფრო გრძნობების ერთობლიობაა. პრაქტიკოსი სოციალურ მუშაობაში არის ის, ვისაც უგრძვნია და არა მხოლოდ ის ვისაც უმოქმედია.

სოციალურ მუშაობას ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში სჭირდება ფემინისტური მსჯელობებისა და დიალოგების წარმოება. ვინაიდან ბავშვზე ზრუნვა და მასში ჩართული აქტორები ფემინიზმის საგანია. როგორი სისტემა იქნება უკეთესი ამაზე მსოფლიოში მსჯელობენ, იქ სადაც ჩვენზე მყარი და მოწესრიგებული სისტემებიც აქვთ. ვინტერის და ჰაივერის (1988) მიხედვით ბავშვზე ზრუნვის სისტემის შესახებ ორი ძირითადი ფემინისტური ნარატივი არსებობს – ლიბერალური და სოციალისტური. პირველი მათგანი არსებული სოციალური წესრიგის შენარჩუნების გზით ბავშვზე ზრუნვის ინდივიდუალური მეთოდების ხელშეწყობას და გაძლიერებას გულისხმობს, ხოლო მეორე – ბავშვზე ზრუნვის საკითხის კოლექტიურ პასუხისმგებლობად ქცევას, რაც რასაკვირველია, კოლექტიურ ზრუნვის ფორმას კი არ გულისხმობს, არამედ ინდივიდუალურ ზრუნვას კოლექტიური პასუხისმგებლობის ქვეშ.

საქართველოში საკითხი ფემინისტურ დღისწესრიგში არ დამდგარა. როცა მორიგი ფაქტის შესახებ ვიგებთ, ჩვენც ფემინსიტებიც, გამოვნახავთ ზრუნვის 3 რგოლიდან (დედა, დედობილი, სოციალური მუშაკი) შედარებით სუსტს, ალბათ იმას, რომელსაც მედია გაწირავს და მას ჩავაგდებთ ხოლმე. და ამას ვაკეთებთ მაშინ, როცა არავითარი დამცავი მექანიზმები გარემოში ამ ქალებს არ გააჩნიათ – არც ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, არც ღირსეული სამუშაო პირობა, არც ჩამნაცვლებელი მომსახურება დედობილებისთვის. მოკლედ არაფერი, რითაც ბავშვეზე ზრუნვაში ჩაბმულ ქალებს მხარს დავუჭერდით. 

ბლოგში გამოყენებულია წყაროები:

საქართველოს მთავრობის დადგენილება #437, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები, 2016

Winter/Hiver (1988) liberal and socialist feminist perspectives on childcare

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს ორგანზიაციის პოზიციას

No Responses

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *