აღიარებულია, რომ თანასწორუფლებიანობა და დისკრიმინაციის აკრძალვა ადამიანის უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანესი პრინციპებია. ეს პრინციპები საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებითაც არის გამყარებული.[1] კონკრეტულად დისრკიმინაცია კი, ეს არის ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის განსხვავებული და არასამართლიანი მოპყრობა მათი განსაკუთრებული თვისებების, მახასიათებლების ან იდენტობის გამო. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ცალსახად აუცილებელია, რადგან ის ზღუდავს ადამიანის უფლებებს, აფერხებს საზოგადოების განვითარებას და ხელს უწყობს უთანასწორობას.
ამ გამოწვევებს არც საქართველო ჩამოუვარდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში 2014 წლის მაისში ამოქმედდა ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა. საქართველოში დისკრიმინაციის საკითხი კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეთნიკური, რასობრივი, გენდერული და პოლიტიკური ნიშნით.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს კი სწორედ სოციალური მუშაკი წარმოადგენს, რადგან ისინი უშუალოდ მუშაობენ მოწყვლად ჯგუფებთან და იცავენ მათ უფლებებს. მათი საქმიანობა მოიცავს როგორც ინდივიდუალური დახმარების გაწევას, ისე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცვლილებების ხელშეწყობას. დისკრიმინაცია სხვადასხვა ფორმით ვლინდება – ეთნიკური, გენდერული, სექსუალური ორიენტაციის, სოციალური სტატუსისა თუ პოლიტიკური მრწამსის საფუძველზე. სოციალური მუშაკები ყოველდღიურად ურთიერთობენ იმ ადამიანებთან, ვინც შესაძლოა ამგვარი უთანასწორობის მსხვერპლი იყოს.
საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, გაიზარდა სოციალური მუშაკების როლი ამ საკითხებში. აკადემიური სფერო აქტიურად ცდილობს სოციალური მუშაკების თეორიულ დონეზე მომზადებას დისკრიმინაციის საკითხებთან დაკავშირებით. ამ პროგრამებში ლექციები და სემინარები არა მხოლოდ პროფესიულ უნარ-ჩვევებს ეხება, არამედ სტუდენტები სწავლობენ, როგორ დაიცვან მოწყვლადი ჯგუფები, როგორ შექმნან ინკლუზიური გარემო და როგორ შეაჩერონ დისკრიმინაციული პრაქტიკები. თუმცა, მიუხედავად აღნიშნული განვითარების, ბევრი ორგანიზაცია და ექსპერტი აღნიშნავს, რომ საჭიროა მეტი ფოკუსირება და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავება ამ საკითხების მიმართ. მაგალითად, საქართველოში სოციალური მუშაკებისთვის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და დამცავი მექანიზმების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრები/ტრენინგები არ ჩატარებულა. სოციალური მუშაკების დიდი ნაწილი არ იცნობს და შესაბამისად პრაქტიკაშიც არ იყენებს აღნიშნულ მექანიზმებს.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ (Social Workers’ Union) სოციალურ მუშაკთა გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მათი მიზანია, რომ სოციალური მუშაკები იყვნენ არა მხოლოდ მორალური და ემოციური მხარდამჭერები, არამედ იურიდიული და ადმინისტრაციული მექანიზმების ეფექტიანი მომხმარებლებიც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის დროს. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტ პრაქტიკოს სოციალურ მუშაკს ჰქონოდა ინფორმაცია საქართველოში არსებულ ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების შესახებ, რომელთა გამოყენება რეალურ სიტუაციებში უფრო მარტივი იქნება. სწორედ ამიტომ „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ მხარდაჭერით უკვე მესამე წელია ვახორციელებთ პროექტს რომელის მიზანია მოწყვლადი ჯგუფების დისკრიმინაციისგან დაცვის ხელშეწყობა სოციალური მუშაკების გაძლიერებისა და ჩართულობის გზით. ვფიქრობთ, რომ თუ სწორი და ზუსტი ინფორმაცია და ცოდნა ექნება სოციალურ მუშაკს თუ როგორ უნდა იმოქმედოს დისკრიმინაციის დროს, მისი ბენეფიციარები მეტად დაცულები და გაძლიერებულები იქნებაინ ამ მხრივ.
2022-2024 წლებში სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ძირითად მიღწევებია:
- პროფესიული განვითარება და ტრენინგები – პროფკავშირი ამ სამი წლის განმავლობაში რეგულარულად სთავაზობდა ტრენინგებს და სემინარებს სოციალურ მუშაკებს, რომლებიც ეხმარება მათ განავითარონ საჭირო უნარები დისკრიმინაციის თემაზე მუშაობაში, როგორც გენდერის, ისე ეთნიკური და სხვა სახის დისკრიმინაციის შესახებ.
- ჯამში ჩატარდა – 6 ტრენინგი, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორში დასაქმებული სოციალური მუშაკებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. სულ გადამზადდა 92 სოციალური მუშაკი.
- ტრენინგები ფოკუსირებული იყო დისკრიმინაციის წინააღმდეგ მექანიზმების გამოყენებაზე და რეალური შემთხვევების განხილვაზე.




2. სახელმძღვანელოებისა და ბუკლეტების შემუშავება – რომელშიც ასახულია ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობით ანტიდისკრიმინაციული მექანიზმები; მოცემული მასალები ხელმისაწვდომია სოციალური მუშაკებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც გაერთიანების საიტზე (www.swunion.ge )
- შეიქმნა – 1 სახელმძღვანელო და 2 სტატია;
- ჩატარდა კვლევა თუ რამდენად იყენებენ სოციალური მუშაკები ანტიდისრკიმინაციულ მექანიზმებს პრაქტიკაში;
- შეიქმნა ონლაინ კურსი დისკრიმინაციაზე

https://drive.google.com/file/d/10Wd0oB0hXUXwc19DONiAPXpuwZG_dRpz/view
3. საინფორმაციო ვიდეოების/ქარდების შექმნა – ვიდეო მასალები/საინფორმაციო ქარდები ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების შესახებ ბენეფიციართა ცნობიერების გაზრდის მიზნით გავრცელდა გაერთიანების სოციალურ ქსელებსა და მასმედიაში.
- ჯამში გავრცელდა 12 საინფორმაციო ქარდი
- 2 ვიდეო რგოლი



4. ბენეფიციარების მხარდაჭერა – პროექტის ფარგლებში პირდაპირი ბენეფიციარები იყვნენ 92 სოციალური მუშაკი, ხოლო არაპირდაპირი ბენეფიციარები – 11,000 ადამიანი (მათ შორის მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, LGBTQ+ თემის წევრები, ბავშვები ფოსტერ ზრუნვაში და ა.შ.).
5. ადვოკატირება და თანამშრომლობა –
- მრგვალი მაგიდა – პროექტში ჩაერთნენ სახელმწიფო მზრუნველობის სააგენტო, ადგილობრივი თვითმმართველობები, არასამთავრობო ორგანიზაციები , პენიტენციური სამსახური და ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრები.
- საჯარო კონკურსის გზით თბილისის გარდა, რეგიონებიდანაც მოხდა სოციალური მუშაკების ჩართვა პროექტში.




რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი?
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სოციალური მუშაკების გაძლიერება არა მხოლოდ მათ პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს, არამედ სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნის წინაპირობასაც წარმოადგენს.
მომავალში, სოციალური მუშაკთა გაერთიანება გეგმავს უფრო მასშტაბური ტრენინგების ორგანიზებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და საქართველოს სოციალურ პოლიტიკაში აქტიური ჩართულობის გაძლიერებას.
🔗 დამატებითი ინფორმაცია და მასალები შეგიძლიათ იხილოთ გაერთიანების ვებგვერდზე: www.swunion.ge
[1] ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაცია (1948)
რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია (1965)
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია (CEDAW, 1979)
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია (CRPD, 2006)
წინამდებარე სტატია შეიქმნა BREN (მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში) პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია IWPR-ის (ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის) მიერ. Მასში გამოთქმული შეხედულებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს BREN-ის პროექტის ან IWPR-ის მოსაზრებებს.