სოციალური მუშაობა საქართველოში 2000-იანი წლებიდან დაფუძნდა. კერძოდ, საქართველოს მთავრობამ 1999 წელს მიიღო კანონი ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილად აყვანის შესახებ, რამაც აუციელებელი გახადა ქვეყანაში სოციალური მუშაკის ინსტიტუტის შემოტანა. სწორედ სოციალური მუშაკი გახდა ის პროფესიონალი, ვინც აფასებდა ბავშვის, ბიოლოგიური ოჯახისა და მშვილებელი ოჯახის საჭიროებებს ზედმიწევნით, იკვლევდა რისკებს და ხელს უწყობდა ბავშვის საუკეთსო ინტერესის აღსრულებას. დროსთან ერთად სოციალური მუშაკის მანდატი გაფართოვდა, გაიზარდა და სხვადსხვა სფერო და სამსახური მოიცვა.
დღეს სოციალური მუშაობის გარეშე წარმოუდგენელია ბავშვთა დაცვაზე, არასწულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და რეაბილიტაციაზე, ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციასა და სხვა უამრავ შემთხვევებზე მუშაობა. სოციალური მუშაკები ხშირად საზოგადოების მოწყვლად ნაწილსა და სახელმწიფოს შორის გათიშულობის მთავარი დამაკავშირებელი ძაფია. პროფესიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვენაზე ამ სტატიაში აღარ შევჩერდები, რადგან ეს ცალკე განხილვის თემაა და ამ სტატიას ვაფუძნებ დაშვებას, რომ სოციალური მუშაობის გარეშე საქართველოში წარმოუდგენელია სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის, საზოგადოებაში ჩაგრული ინდივიდებისა და ჯგუფების გაძლიერების მიღწევა.
სოციალურმა მუშაკებმა, როგორც პროფესიულმა ჯგუფმა, საკუთარი ღირსების, შრომის უფლებებისა და ბენეფიციართა უფლებების დაცვის ადვოკატირების პროცესში 2019 წლის სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცვით[1] საკუთარი პოზიცია მნიშვნელოვნად დააფიქსირეს და ფაქტობრივად მსოფლიოში მისაბაძი პრეცენდენტი შექმნეს.
პროფესიის მნიშვნელობის აღიარების მაგალითი იყო 2018 წელს სოციალური მუშაობის შესახებ კანონის მიღება და კანონის აღსრულების სამოქმედო გეგმის დამტკიცება. კანონი განსაზღვრავს სფეროს რეგულირების პროცედურებს და ხაზს უსვამს გარემოებას, რომ 2025 წლისთვის საქართველოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა რაოდენობა სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ბენეფიციართა საჭიროებებს. კერძოდ, კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტში ვკითხულობთ „დაევალოთ საქართველოს მთავრობის შესაბამის უწყებებს, ეტაპობრივად გაზარდონ სოციალურ მუშაკთა შტატების რაოდენობა, რათა 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დასაქმებული სოციალური მუშაკები სრულყოფილად ასრულებდნენ ამ კანონით მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს”[2]. ამ ჩანაწერის საპირისპირო რეალობა დგას დღეს, როდესაც უკვე 2025 წელია. მრავალი საჯარო უწყება სოციალური მუშაკების საშტატო რაოდენობას ვერ ავსებს. კადრების დეფიციტია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, სოციალური მუშაკის გარეშე არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი რამდენიმე რეგიონში ოპერირებასაც ვერ ახერხებს. კვალიფიციური სოციალური მუშაკების დეფიციტია არასამთავრობო სექტორში.
კანონის მიხედვით, ყველა უწყება უნდა ზრუნავდეს სოციალური მუშაკების კადრების მოძიებაზე, თუმცა, ვხვდებით საპირისპირო რეალობას. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად 2020 წელს 33 კვალიფიციური კადრი, მხოლოდ და მხოლოდ რეორგანიზაციის საფუძვლით გაათავისუფლეს. ეს მოხდა იმ ფონზე, რომ სოციალურ მუშაკთა დეფიციტის გამო კანონით განსაზღვრული საშტატო რაოდენობა ვერ ივსებოდა[3], ხოლო ბენეფიციარები სრულფასოვად სოციალურ მომსახურებას ვერ იღებდნენ. სოციალურ მუშაკთა გაერთიანებისა და საქართველოს განათლების ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ მომზადებული კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მზრუნველობა-მეურვეობის სოციალურ მუშაკთა დიდ ნაწილს პროფესიული გადაწვის ისეთი მახასიათებლები გამოუვლინდა, როგორიც ემოციური გადაღლა, პიროვნული მიღწევებით უკმაყოფილება და დეპერსონალიზაციაა. კვლევის თანახმად, მზრუნველობა-მეურვეობის სოციალურ მუშაკთა 26%-ში ვლინდება დეპერსონალიზაციის ძლიერი განცდა, სოციალურ მუშაკთა თითქმის 46% ემოციურად ძალიან ძლიერად არის გადაღლილი. პროფესიით გადაწვის რისკები გაზრდილია სამუშაოს დიდი მოცულობის, ინტენსიურობისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების გამო.[4]
სოციალურ მუშაკთა კიდევ ერთი მოულოდნელი გათავისუფლება უკვე 2024 წლის ბოლოს პრობაციის ეროვნული სააგენტოდან მოხდა.[5] კერძოდ, სამსახურიდან გაუშვეს 4 სოციალური მუშაკი. მათ შორის ერთი იმერეთის რეგიონიდან, რომელიც ერთადერთი სოციალური მუშაკი იყო და მისი გათავისუფლებით ბენეფიციარებს მომსახურების მიღება შეუჩერდათ. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულთათვის კადრების დეფიციტის გამო ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება ყოველდღიურობის ნაწილია, როგორც ისინი აღნიშნავენ, მუშაობენ საქმეთა გონივრულ რაოდენობაზე მეტს, რაც სცდება მათ ადამიანურ და პროფესიულ რესურსებს. ამ ვითარებაში კი კადრების გათავისუფლებას არავითარი ლოგიკური საფუძველი არ ჰქონია. სამუშაოს გამოაკლდნენ კვალიფიციური უმაღლესი განათლების მქონე კადრები, ხოლო დარჩენილებს ისედაც დიდი მოცულობის სამუშაო გათავისუფლებულთა შემთხვვების ხარჯზე კიდევ უფრო გაეზარდათ.
ამ შემთხვევათა მიმოხილვა ცხადყოფს, რომ სოციალური მუშაკების სამსახურიდან დათხოვნა რეორგანიზაციის ან ხელშეკრულების ვადის გასვლის საბაბით არაგონივრულია. ზრუნვის სააგენტოს შემთხვევაში, უკვე სასამართლოს გზითაც დამტკიცდა, რომ კადრების გათავისუფლება არაკანონიერი იყო. ხოლო პრობაციის სააგენტოს შემთხვევებს სასამართლო აწის განიხილავს.
ცხადია, ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, რას ემსახურება კადრების გათავისუფლება და საკუთარი სისტემის მუშაობისთვის საფრთხის შექმნა, ბენეფიციართა მომსახურების გარეშე დატოვება, დარჩენილი სოციალური მუშაკებისთვის ზეგანაკვეთური სამუშაოს გაზრდა. ამ კითხვებზე პასუხებს დამსაქმებლები ვერ სცემენ. ხოლო გათავისუფლებულებისთვის ამის რამდენიმე ახსნა არსებობს: პროფესიის შესახებ ცოდნის დეფიციტი, პროფესიის მნიშვნელობის არ აღიარება, დასაქმებულთა აქტიური სამოქალაქო და პროფესიული პოზიციონირება, კრიტიკული აზროვნება და აქტივიზმი.
გამოყენებული წყაროები:
https://1tv.ge/video/socialuri-mushakebis-gaficva
https://www.facebook.com/swunion1/videos/489344710538589
საქართველოს კანონი სოციალური მუშაობის შესასხებ, 2018, მუხლი 64
[1]http://www.swunion.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%A3/
[1] საქართველოს განათლების ფსიქოლოგთა ასოციაცია, 2022 „სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მზრუნველობა-მეურვეობის სოციალური მუშაკების საქმეთა შესრულების ხარისხი და პროფესიული გადაწვა“
[1] https://1tv.ge/video/socialuri-mushakebis-gaficva/
[2] საქართველოს კანონი სოციალური მუშაობის შესასხებ, 2018, მუხლი 64
[3]http://www.swunion.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%A3/
[4] საქართველოს განათლების ფსიქოლოგთა ასოციაცია, 2022, „სსიპ სახელმწიფო
ზრუნვის სააგენტოს მზრუნველობა-მეურვეობის სოციალური მუშაკების საქმეთა
შესრულების ხარისხი და პროფესიული გადაწვა“
[5] https://www.facebook.com/swunion1/videos/489344710538589
წინამდებარე სტატია შეიქმნა BREN (მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში) პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია IWPR-ის (ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის) მიერ. Მასში გამოთქმული შეხედულებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს BREN-ის პროექტის ან IWPR-ის მოსაზრებებს.