სოციალური მუშაობა ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალფეროვანი და გამოწვევებით სავსე პროფესიაა. ამ პროფესიის მთავარ საფუძვლებს სოლიდარობა, სამართლიანობა და ცვლილებების აგენტობა წარმოადგენს. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან: ბავშვებთან, ხანდაზმულებთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, ძალადობის მსხვერპლ ადამიანებთან, კანონთან კონფლიქტში მყოფ ადამიანებთან და სხვ. შესაბამისად, პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების პროცესში შეხება გვაქვს განსხვავებული გამოცდილების, სირთულისა და ფსიქო_ემოციური მდგომარეობის მქონე ადამიანებთან.
ზოგჯერ, ჩვენი საქმიანობა არა მხოლოდ ცალკეულ ინდივიდებთან მუშაობას, არამედ ჯგუფებთან, თემთან, სისტემებთან და საზოგადოებასთან მუშაობასაც მოისაზრებს. სწორედ ასეთი მრავალფეროვნების გამო ეს პროფესია შეგვიძლია ვაღიაროთ, როგორც მულტიფუნქციური პროფესია, რომელიც სოციალური სახელმწიფოს შენების პროცესში მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. სოციალური მუშაკები პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების პროცესში შეისწავლიან, აფასებენ ბენეფიციარის მდგომარეობას და მასთან ერთად ისახავენ მისი გაძლიერების გზებს. ამავე დროს, სოციალური მუშაკები არიან ადამიანები, რომლებიც აკვირდებიან და აგროვებენ უნიკალურ ცოდნას სისტემური ჩაგვრის, დისკრიმინაციის, უთანასწორობის, ფემიციდის, ეიჯიზმის, შრომითი უფლებების დარღვევის, უსალხკარობის, უმუშევრობის, ადამიანების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისების არარსებობის და სხვა ფუნდამეტური უფლებების დარღვევების შესახებ. მიუხედავად საოცრად დიდი პასუხისმგებლობისა და შრომითი რესურსის გამოყენებისა, დღევანდელი რეალობის გათვალიწინებით, ჩვენს ქვეყანაში სოციალური მუშაკის პროფესია დაცლილია სოციალურ პოლიტიკაში ჩართულობის შესაძლებლობისა და სოციალური უფლებების დაცვის სისტემის განვითარებაში მონაწილეობისგან.
ჩვენ გვასწავლიან ემპათიას, მიმღებლობას და ჰოლისტური მიდგომის გამოყენებას მუშაობის პროცესში, საკმაოდ კარგადაც ვისრუტავთ ამ ცოდნას და შემდგომ ვიყენებთ პრაქტიკაში. ჩვენ ვსაქმდებით სხვადასხვა სექტორიში: საჯარო სამსახურებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, ბავშვთა ზრუნვის სისტემებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურში. ვსაქმდებით დიდი მოტივაციითა და ენთუზიაზმით და ვმუშაობთ, თეთრი ღამეების ხარჯზე, პირადი ცხოვრების ხარჯზე, ჩვენი ოჯახის ემოციურ და „ფინანსურ“ ხარჯზეც კი. ჩვენ განვიცდით ჩვენი ბენეფიციარების მდგომარეობას, გვტკივა გარდაუვალი ქმდება ან პირიქით უმოქმედობა, ზოგჯერ პროფესიული გადაწვის ზღვარზე ვართ, ვეძებთ არარსებულ რესურსებს და მიუხედავად, ჩვენ მიერ გაკეთებული მაქსიმალურისა, მაინც საკუთარ თავში ვეძებთ დამნაშავეებს. ზეგანაკვეთური მუშაობის, პიროვნული დაა პროფესიული რესურსის მაქსიმალური ხარჯვის, ძალიან მგრძნობიარე და სამართლებივი გადაწყვეტილების მიღების, გრძელი და რეალობათან არაადაპტირებული შეფასების ფორმების შევსების ფონზე, ჩვენ, სოციალურ მუშაკებს, დამსაქმებლებთან, სხვა პროფესიის წარმომადგენლებთან, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ყოველდღე გვიწევს იმის მტკიცება, რომ ჩვენ მნიშვნელოვნები, ღირსეულები და პროფესიონალები ვართ. და სწორედ, ამ ყოველდღიური ბრძოლების გამო დაიბადა ძალიან დიდი წინააღმდეგობისა და პროტეტის ხმა სოციალურ მუშაკთა თემში! თუ წლების განმავლობაში ჩვენი ხმა მხოლოდ ბენეფიციარებისთვის იყო გასაგები, დღეს ჩვენ ვცდილობთ საზოგადოებას გავაგებინოთ იგი. დიდი ხნის განმავლობაში არსებულმა სისტემურმა პრობლემებმა და სოციალური პოლიტიკის არარსებობმა სოციალური მუშაკების ემოციური გამოფიტვა გამოიწვია. სოციალური მუშაკი სახელმწიფომ მარტო დატოვა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბენეფიციარებთან ერთად: უსახლკარო ადამიანებთან, ძალადობის მსხვერპლ ქალებთან და ბავშვებთან, ლგბტქ ადამიანებთან, უმუშევარ ადამიანებთან ერთად. ამიტომ პროფესიის გადარჩენისა და ბენეფიციართა მხარდაჭერის ერთადერთი უკიდური გზა ავირჩიეთ- საპროტესტო აქციები და გაფიცვის 8 დღე. პროფესია, რომელიც კონფლიქტების გადაჭრაზე, სტაბილურობასა და თანაგანცდაზეა ორინტირებული, კიდევ ერთი ნაბიჯით გაიზარდა ჩვენს ქვეყანაში – გაჩნდა სოციალური მუშაობის აქტივისტური პერსპექტივა. წლების განმავლობაში სოციალური მუშაკების ჩართულობას სოციალურ ცვლილებებში უმეტესწილად ინდივიდუალური ხასიათი ჰქონდა, ხოლო უფლებების დაცვა მხოლოდ ბენეფიციართა უფლებების დაცვასთან იგივდებოდა. საქმეში ჩაძირულებს მთლიანი სურათის აღქმა გვიჭირდა და გვავიწყდებოდა მთავარი – ჩვენი, როგორც სოციალური მუშაკების, შრომითი, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებების დაცვა. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, როგორ ირღვეოდა ჩვენი შრომითი უფლებები და როგორ იკარგებოდა ჩვენი პროფესიის პოლიტიკური მნიშვნელობა. დღეს კი საჯაროდ და ხმამაღლა ვამბობთ – დიახ, ჩვენი პროფესია პოლიტიკურია, დიახ, ჩვენი პროფესია ფემინისტურია. ჩვენი შინაგანი წინააღმდეგობრივი ბრძოლა დღეს გარდაიქმნა პროფესიული თემის ბრძოლად, რომლის მისია საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის დაცვაა სოციალური მუშაობის განვითარების გზით. სწორედ ამიტომ, სულაც არ იქნება იმის თქმა ამბიციური, რომ დღევანდელ რეალობაში სოციალური მუშაკის პროფესიის განვითარების ახალი გზა იწყება, რომელიც წინააღმდეგობრივი ხმაურიანი და გაუთელავია.
No Responses