გენდერული დისკრიმინაცია და სოციალური მუშაკის ჩართულობა

ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, თავისი უფლებებითა და ღირსებით. თავისუფლების უფლება- როგორც თანდაყოლილი მოცემულობა, სულაც არ ყოფილა თანაბრად ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის. ადამიანის უფლებებს რთული, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც, კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, აბსოლუტური ძალაუფლების შეზღუდვის, ხელისუფლების დანაწილებისა და დემოკრატიული კონსტიტუციური სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზით, ინდივიდუალური უფლებებისთვის ბრძოლას უკავშირდება. საზოგადოებაში დამკვიდრებული სტრუქტურული ბარიერების გამო, ადამიანების გარკვეულ ჯგუფებს შეზღუდულ წვდომა ჰქონდათ  შესაძლებლობებსა და  რესურსებზე: სიღარიბე, არასათანადო საცხოვრებელი პირობები, ხარისხიან ჯადაცვასა და განათლებაზე დაბალი ხელმისწავდომობა, ძალადობის მიმართ მოწყვლადობა, დისკრიმინაცია გენდერს, რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი თუ სხვა ნიშნით, მცირე ჩამონათვალია იმ უთანასწორობის, რის წინაშეც იდგა და ახლაც დგას ბევრი ადამიანი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში;

დღეისათვის, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები აღიარებული და უზრუნველყოფილია არაერთი საერთაშორისო კონვენციით და დეკლარაციით, მათ შორის, გაეროს 1948 წლის 10 დეკემებრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ევროპის საბჭოს 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციით ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ, ევროპის საბჭოს 1961 წლის 26 თებერვლის ევროპის სოციალური ქარტიით; 1966 წლის 16 დეკემბერს მიღებული გაეროს ორი პაქტით – “სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” და “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების” შესახებ.

საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო კონვენციებითა და დეკლარაციებით დადგენილი სტანდარტების, პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე.

ჩვენს ქვეყანაში საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ადამიანთა თანასწორობას: “ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”.  სწორედ ეს მნიშვნელოვანი ჩანაწერი დაედო საფუძველად კანონს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც განმარტავს დისკრიმინაციის ცნებას და ავალდებულებს  ნებისმიერი დაწესებულებას თავისი საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები, თუ ისინი არსებობს, შეუსაბამოს ამ კანონსა და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას; სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს, ხოლო დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.

დისკრიმინაციის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას ჩვენი პატრიარქალური სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია წარმოადგენს. გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს სქესის ნიშნით ნებისმიერი განსხვავებას, გამიჯვნას ან/და შეზღუდვას, რაც გამოხატულია უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განსხვავებული აღიარებით, შესაძლებლობების არათანაბარი წარმოჩენით, შესუსტებით ან სრული უარყოფით. გენდერული დისკრიმინაციის ფაქტს შეიძლება ადგილი ჰქონდეს ოჯახში, სამსახურში და სხვ. ოჯახის წევრთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა იშვიათ მოვლენას არ წარმოადგენს. მეტიც, უმეტესად სწორედ ოჯახიდან აქვს არაერთ ადამიანს დისკრიმინაციის რომელიმე ფორმასთან პირველი შეხება, მაგალითად, როდესაც სკოლაში ან უმაღლეს დაწესებულებებში სწავლის უფლებას მხოლოდ ბიჭებს აძლევენ, ან მაშინ როდესაც საოჯახო საქმეების გაკეთებას მხოლოდ გოგონებს ავალებენ, ქონების გადაცემის დროს, როდესაც მამაკაცს პრიორიტეტი მხოლოდ გენდერის ნიშნით ენიჭება და სხვ. ყოველივე ეს, ცხადია, არათანაბარი მოპყრობის მაგალითებია და წარმოადგენს გენდერის ნიშნით დისკრიმინაციას.

ოჯახის გარდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას ხშირად ხვდებით სამუშაო ადგილზე. სამუშაო ადგილზე გენდერული დისკრიმინაცია გულისხმობს ისეთ მოპყრობას ან პირობების შექმნას, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას გენდერული ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვაპირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს. სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციას ადგილი შეიძლება ჰქონდეს, როგორც სამსახურში აყვანისას, ისე სამუშაო პროცესში, აგრეთვე – სამსახურიდან გათავისუფლებისას.

გენდერული დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს სექსუალური შევიწროება. სექსუალური შევიწროება სქესის და გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის ფორმაა და აკრძალულია საერთაშორისო დოკუმენტებით და საქართველოს კანონმდებლობით. სექსუალური შევიწროება გულისხმობს სექსუალური ხასიათის ნებისმიერ ქცევას, რომელიც პირისთვის არასასურველია და ლახავს მის ღირსებას ანდა ქმნის პირის ღირსების შემლახავ, დამაშინებელ, დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ ან მტრულ გარემოს. სექსუალური შევიწროების ერთ-ერთი მძიმე ფორმა არის მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ, რაც პირისთვის სექსუალური ურთიერთობის ნაცვლად რაიმე სახის სარგებლის შეთავაზებას გულისხმობს. ესე იგი, სექსუალური შევიწროება შეიძლება გამოიხატოს სექსუალური ხასიათის ერთჯერადი ან მრავალჯერადი ქცევით (მაგ. შეხება, სექსუალური ხასიათის კომპლიმენტები და ა. შ.) მტრული გარემოს შექმნაში ან ხელმძღვანელის მიერ დასაქმებულისთვის სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ სარგებლის შეთავაზებაში.

როგორია სოციალური მუშაკის როლი დისკრიმინაციის აღმოფხვრის პროცესში, მათ შორის გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში?

სოციალური მუშაობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და მასთან ბრძოლაში, ხელს უწყობს სოციალურ სამართლიანობას, თანასწორობასა და ადამიანის უფლებების დაცვას. სოციალური მუშაკები მუშაობენ მარგინალიზებულ და მოწყვლად ჯგუფებთან, იცავენ მათ უფლებებს და უზრუნველყოფენ მათთვის აუცილებელი მომსახურებების ხელმისაწვდომობას. ისინი ეხმარებიან ადამიანებსა და საზოგადოებებს სისტემური ბარიერების დაძლევაში, უწევენ მხარდაჭერას დისკრიმინაციის მსხვერპლებს და ზრდიან ცნობიერებას სოციალური უსამართლობების შესახებ.

სოციალური მუშაკები თანამშრომლობენ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა განახორციელონ ისეთი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ინკლუზიასა და თანასწორ შესაძლებლობებს.

გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას აღმოფხვრის პროცესში სოციალური მუშაკები მუშაობენ ინტერსექციული მიდგომის გამოყენებით რამდენიმე მიმართულებით:

  •  შემთხვევის იდენტიფიცირება- გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია საკმაოდ კომპლექსური საკითხია, რომელიც მუშაობისას საჭიროებს ჰოლისტური მიდგომის გამოყენებას. სოციალური მუშაკები მუშაობენ ოჯახის ყველა წევრთან, შესაბამისად, მათთვის სრულყოფილი და რეალური სურათის გაანალიზება მარტივდება. მათ შეუძლიათ მარტივად ამოიცნონ სავარაუდო დისრკიმინაციის ნიშნები, შეაფასონ რისკები და განახორციელონ შესაბამისი ინტერვენცია;
  • კონსულტირება- პრაქტიკული მუშაობის დროს სოციალური მუშაკები უწევენ კონსულტაციას ბენეფიციარებს, რათა სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ თავიანთ უფლებებთან, სახელმწიფოში არსებულ სერვისებთან და ბენეფიტებთან დაკავშირებით. რელევანტური და საჭირო ინფორმაციის ცოდნა ბენეფიციარისთვის ყველაზე ხელშემწყობია თავდაცვისა და თვითგადარჩენისთის. სოციალური მუშაკები რესურსების მობილიზების გზით ბენეფიციარებს ამისამართებენ სხვადასხვა სერვისებში, იქნება ეს იურისტისა თუ ფსიქოლოგის კონსულტაცია, დასაქმების ხელშეწყობა თუ სხვა.
  • ადვოკატირება- ადვოკატირება წარმოადგენს სოციალური მუშაობის ჩარევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიზანია ბენეფიციარის გაძლიერება, რათა მან თავად შეძლოს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში საკუთარი უფლებების დაცვა და ადვოკატირება. სოციალური მუშაკი ახორციელებს ბენეფიციართა ინტერესებისა და უფლებების ადვოკატირებას ცენტრალურ უწყებებთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რათა მოხდეს ბენეფიციართა საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების განვითარება და სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკის გაუმჯობესება.
  • განათლება და პრევენცია- სოციალური მუშაკები მონაწილეობენ საგანმანათლებლო ინიციატივებში, რათა შეცვალონ დისკრიმინაციული შეხედულებები და პრაქტიკები საზოგადოებაში.

სოციალური მუშაობის როლს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში არეგულირებს ეროვნული კანონმდებლობა, პროფესიული რეგულაციები და ის საერთაშორისო დოკუმენტები, რომლებიც ამა თუ იმ ქვეეყანში სავალდებულოდ არის შესასრულებლი. სოციალური მუშაკები უნდა ფლობდნენ ამ კანონების შესახებ ცოდნას და ინტეგრირებულად გამოიყენონ ისინი თავიანთ პრაქტიკაში, რათა დაიცვან მომსახურების მიმღებთა უფლებები. თავად ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იმ ძირითად პრინციპებს, რომელიც უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა სოციალურმა მუშაკმა სოციალური მუშაობის მომსახურების მიწოდების დროს. ეს პრინციპებია: ადამიანის უფლებების პატივისცემა, სოციალური სამართლიანობა, თანასწორობა, დარგობრივი კომპეტენცია, თანაზომიერება, ინდივიდუალიზაცია, კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის დაცვა და სოციალური მუშაობის სისტემურობა. აღნიშნული პრინციპები სოციალურ მუშაკს არა მხოლოდ მათ პასიურ დაცვას ავალდებულებს, არამედ მოითხოვს მისგან სოციალური მუშაობის მომსახურების განხორციელების დროს აქტიურ მუშაობას მათი აღსრულებისთვის. მაგალითად, ადამიანის უფლბების პატივისცემა გულისხმობს, რომ სოციალური მუშაკი არა მხოლოდ არ უნდა არღვევდეს ადამიანის უფლებებს, არამედ ხელს უნდა უწყობდეს მათ დაცვას განხორციელებას.

სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია სოციალური მუშაკების გაძლიერება და მხარდაჭერა დისკრიმინაციის, მათ შორის გენდერული ნიშნით დისრკიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან სოციალურმა მუშაკებმა დაუბრკოლებლად შეძლონ პროფესიის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციის, ადამიანის უფლებების დაცვისა და თანასწორობის ხელშეწყობის განხორციელება.

წინამდებარე სტატია შეიქმნა BREN (მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში) პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია IWPR-ის (ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის) მიერ. Მასში გამოთქმული შეხედულებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს BREN-ის პროექტის ან IWPR-ის მოსაზრებებს.